ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. Stopcovid ლატარია "აიცერი და მოიგეს" პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოგებული, Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი.
ყოველკვირეულ გათამაშებაში მოქალაქეებმა 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს.
მოგებულებს "საქართველოს ეროვნული ლატარიის" წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC - ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.
ლატარია "აიცერი და მოიგეს" გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ლატარია ჯერ ახალი დაწყებულია და რთული შესაფასებელია, რამდენად წაახალისა ვაქცინაციის პროცესი. ასე უპასუხა მან ვაქცინაციის ლატარიის ეფექტიანობაზე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.
„ჯერ სულ რამდენიმე დღეა, რაც ლატარია მოქმედებს. სხვა ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლატარიას ჰქონდა წამახალისებელი ეფექტი. ბუნებრივია, ლატარია არ არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოქალაქე აცრაზე მიდის, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული, რამაც შეიძლება წაახალისოს ვაქცინაციაში ჩართვისთვის მოქალაქის გადაწყვეტილება.შედეგების შეფასებისთვის ერთი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ ვნახოთ, რა შედეგი გვაქვს. ლატარია 13 სექტემბვერს დაიწყო და ძალიან ცოტა დროა გასული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა ვაქცინაციაში ჩართული მოქალაქეები ლატარიაში ავტომატურად იღებენ მონაწილეობას. ლატარია ყოველდღიურია და დეკემბრის ბოლოს შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება, სადაც საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარია.