„გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ლელოს“ ინიციატივას, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ეხება ხელი მოაწერეს.
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობაც“ ხელს მოაწერს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც მოხდა, მარტო მედიისა და ჟურნალისტების გასარჩევი არ იყოს. თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება, კვალიფიციური კითხვა-პასუხი მოისმინოთ იმ ადამიანებისგანაც, ვისაც ეს ევალება. ეს ხდება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტმა უნდა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოიწვევენ სუს-ის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სხვა შემთხვევაში, ეს დარჩება კიდევ ერთი ემოციის გამოვლინების საშუალება, კიდევ რამდენიმე დღე ჩვენი საზოგადოება ტელევიზორებთან დაიზაფრება და შედეგი ამას არ ექნება. უნდა მივეჩვიოთ ჩვენ პასუხისმგებლობის დაკისრებას და პასუხისმგებლობაზე მოთხოვნის მექანიზმის შექმნას. ერთადერთი სწორი გზა არის, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გააჩნია ოპოზიციას და საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოპოზიციის მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობიდან პასუხობენ.
"სჯობს, „ლელომ“ რეგლამენტი კარგად წაიკითხოს, სადაც წერია, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის მეოთხედს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს არის სასესიო კვირა, რეგლამენტის შესაბამისად კი, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომები არ იმართება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარება არავითარი ფუნქციის მატარებელი არ არის.