სომხეთის პრემიერი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს და მზადყოფნას გამოთქვამს თურქეთთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები გამართონ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივნის განცხადებით, სომხეთი მზადაა, თურქეთთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები გამართოს. განცხადებას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის მთავრობამ აღნიშნული განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებას უპასუხა. ერდოღანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეატყობინა მას ფაშინიანის სურვილი შეხვედრის გამართვის შესახებ.
მანე გევორქიანის თქმით, ანკარისა და ერევნის ოფიციალურ პირებს შორის ეფექტური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, თუმცა ასეთი კონტაქტების დამყარების შემთხვევაში სომხეთი მზადაა თურქეთთან შეხვედრები უმაღლეს დონეზე გამართოს.
ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ეროვნული ასამბლეის და მთავრობის კითხვა-პასუხის სესიაზე განაცხადა, რაც რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის სომხეთის მთავრობის მზაობას გამოხატავდა. სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნის გახსნასაც შეეხო და განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომუნიკაციების გახსნის საკითხს, რომლებიც 9 ნოემბრისა და 11 იანვრის შეთანხმებებშია აღწერილი. მისი თქმით დერეფანზე საუბარი ეწინააღმდეგება რეგიონში სტაბილურობის დამყარებას და მტრული ატმოსფეროს დაძლევის ლოგიკას და მიზნად ისახავს სახელმწიფოების და ხალხის იზოლირებას.
შეგახსენებთ, რომ სომხეთს და თურქეთს უკვე ერთი საუკუნეა დაძაბული ურთიერთობები აქვთ, რადგან სომხეთი მეზობელ სახელმწიფოს გენოციდში ადანაშაულებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და რეგიონული საკითხების განსახილველად, მოლაპარაკების მაგიდასთან თურქეთის მთავრობის მეთაურს იწვევს.