Pfizer-ის განცხადებით, მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის

კომპანია Pfizer-ის განცხადებით, მათი ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და „ძლიერ“ იმუნურ პასუხს წარმოქმნის. ამის შესახებ წამლების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ კომპანია Pfizer/BioNTech-მა ჩატარებული კვლევის შემდეგ განაცხადა.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა, მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში, ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

ამ შემთხვევაშიც მოზარდებსა და ზრდასრულებში გვერდით მოვლენებად დასახელდა: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.

როგორც ცნობლია, კვლევაში 2 200-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. კვლევის მონაცემები აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას გადაეცემა.

"ჩვენ გვსურს, ვაქცინით უზრუნველვყოთ ამ ახალგაზრდა პოპულაციის დაცვა, მარეგულირებელის ნებართვის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ "დელტა" ვარიანტის გავრცელებას, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვებს”, - თქვა Pfizer- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.