ცესკომ ე.წ. „სისხლიანი ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" მოკვლევა დაიწყო. ბანერების საქმის მოკვლევის მოთხოვნით ცესკო-ში საჩივარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შეიტანა.

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საჩივარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბანერებით, საარჩევნო კოდექსი ირღვევა.

"სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ასევე მისი შინაარსიდან გამომდინარე ის საზოგადოებაში აღვიძებს შუღლს და დაპირისპირებას, იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, აგრეთვე, ცალსახაა, რომ აღნიშნული მასალის განთავსება მიზნად ისახავდა საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციას", - წერია საჩივარში, რომელიც ცესკო-ში 19 სექტემბერს შევიდა.

სარეკლამო კომპანია "ალმას" ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული არიან ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.

"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კი "როგორ ჩანს, ეს არის "მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა.