უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ერთობლივი სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ დაიწყო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 4 000 უკრაინელი და 2 000 უცხოელი ჯარისკაცი მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივ სამხედრო წვრთნებში სულ 12 ქვეყნის სამხედროები ჩაერთვებიან. წვრთნების მიზანია მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა და მზადყოფნის დემონსტრირება.
როგორც ცნობილია, „Rapid Trident-2021“-ის მრავალეროვანი ბატალიონის ტაქტიკური წვრთნები პირველად გაიმართება ცოცხალი ცეცხლის თანხლებით. გარდა ამისა, დაგეგმილია უკრაინელი და ამერიკელი მედესანტეების ერთობლივი დაშვება აშშ-ს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავიდან „Lockheed C-130 Hercules“-დან.
როგორც Reuters-ი წერს, უკრაინა, რომელიც 2014 წლიდან ომობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან, დიდი ხანია ეძებს მჭიდრო ინტეგრაციას დასავლეთის სამხედროებთან იმ იმედით, რომ ერთ დღეს NATO-ში გაწევრიანდება.