კორონავირუსით ახალშობილი ტყუპები დაიღუპნენ

ქუთაისში, „კლინიკა ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი ტყუპები გარდაიცვალნენ.

ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.

კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალშობილებს პნევმონია ჰქონდათ.

“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, - განაცხადა “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილი.

გარდაცვლილი ჩვილების დედა, ასევე კორონავირუსით, ორი კვირის წინ დაიღუპა. ტყუპები დედისგან დაინფიცირდნენ.