მამუკა ხაზარაძე: აღსარების საიდუმლოებას წლების განმავლობაში იწერდნენ, 7 ეპისკოპოსთან ჩემი საუბრის ჩანაწერები ნამდვილია

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერები რომელიც მას ეხება ნამდვილია. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ჩანაწერებში ასახულია მისი ურთიერთობა შვიდ ეპისკოპოსთან, მონასტრის ხელმძღვანელებთან და იღუმენიებთან.

"ამ მასალის შეგროვება ჩვენს მოძვღვრებზე, აღსარების საიდუმლოებაზე წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარეობდა. ბოლო 3 წლის მასალა გამაცნეს და ეს ფრაგმენტი არ არის სრული. 40 ეპიზოდი ვნახეთ და გამოკითხვის შემდეგ მართლა დამძიმებული ვარ. ეს არის მასალები, სადაც ეს არის კატასტროფა, პირდაპირ გეტყვით, ეს არის გამაოგნებელი რაღაც. არ მინდა ვინმე დავამძიმო, რადგან მეც ძალიან დამძიმებული ვარ. აქ აღარ არის საუბარი დანაშაულზე, ეს არის სახელმწიფოებრიობის ერთერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებებზე, იმაზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, ამისთვის ძირის გამოთხრა. მინდა გითხრათ, რომ მათ ეს არ გამოუვათ. ქართულ ეკლესიაზე საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიმდინარეობს", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მან ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მასალებში აღბეჭდილი სიტუაციები ახსოვს.

"ეს იყო ჩემი მხრიდან ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება. პრაქტიკულად ყველაფერი დავუდასტურე, რადგან როდესაც ამონარიდის კითხვას იწყებდნენ, უკვე ვუდასტურებდი, რადგან ეს მომენტები ნამდვილად იყო. ეს არის მხოლოდ ერთი დაკითხვის შედეგი. როგორც გვითხრეს, უამრავი მასალის გაშიფრვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ბუნებრივია, ჩვენ გამომძიებელთან გვქონდა საუბარი. იმედია, რომ ეს ყველაფერი დამკვეთამდე, დამფინანსებლამდე და არამარტო გამავრცელებლამდე მიგვიყვანს, რადგან ეს ამბავი ძალიან კომპლექსურად არის გამოსაძიებელი", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.