აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის

აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ნოემბრიდან შეეძლებათ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ყველა უცხოელს, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინავს, სრულად ვაქცინაციის ან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენება ჩასხდომამდე მოუწევს.

ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, სრულად ვაქცინირებულებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

ჯო ბაიდენი ასევე გაამკაცრებს ტესტირების წესებს ამერიკის არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება შეერთებულ შტატებში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე.

"დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ასევე მოსთხოვენ ავიაკომპანიებს, შეაგროვონ საერთაშორისო მოგზაურების საკონტაქტო ინფორმაცია, რადგან ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კონტაქტების კვალის მოძიება გაადვილდეს", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეფ ზიენცმა.

ზეინცის განცხადებით, ახალი პოლიტიკა ამოქმედდება "ნოემბრის დასაწყისში", რათა ავიაკომპანიებსა და ტურისტულ კომპანიებს დრო ჰქონდეთ მოემზადონ ახალი პროტოკოლების განსახორციელებლად.