17-19 სექტემბერს გამართული რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ და სამართლიან პროცესებს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მთავრობის მიერ "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ მიღებულმა კანონებმა, მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში.
ამასთანავე, რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა, რასაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების მარგინალიზაციის ფართო მცდელობა, ხელი შეუშალა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სამართლიანი არჩევენბისთვის.
"მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკური ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა.
გარდა ამისა, ჩვენ არ ვაღიარებთ, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს