ქაბულის მერიაში ქალებს მუშაობა აეკრალათ

"თალიბანის" მიერ დანიშნულმა ავღანეთის დედაქალაქის დროებითმა მერმა ქაბულის მთავრობის ქალ თანამშრომლებს განუცხადა, რომ სახლში უნდა დარჩნენ, მუშაობა მხოლოდ კაცებისთვისაა ნებადართული. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მერად დანიშვნის შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე ამდულა ნომანიმ აღნიშნა, რომ "თალიბანის" მოძრაობამ, "საჭიროდ ჩათვალა ქალების მუშაობის დროებით შეჩერება".

ნომანის თქმით, გასულ თვეში, "თალიბანის" მოსვლამდე, ქაბულში არსებული 3000 მუნიციპალური თანამშრომლების მესამედს ქალები წარმოადგენენ და ისინი ყველა განყოფილებაში მუშაობდნენ.

მისივე თქმით, "ქალ თანამშრომლებს დაევალათ სახლში დარჩენა, სანამ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას".

ქალაქის მერის განცხადებით, გამონაკლისი შეეხება ქალებს, რომლებიც ისეთი მიმართულებით მუშაობენ, რომ კაცებით ვერ ჩაანაცვლებენ, მათ შორის, დიზაინისა და ინჟინერიის განყოფილებები და ქალთა საზოგადოებრივი საპირფარეშოების მიმღები.

ნომანს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენ ქალს აიძულეს სახლში დარჩენა.