შარლ მიშელი: რას ნიშნავს ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა ამერიკაში დაბრუნდა, თუ სადმე? ჩვენ ეს არ ვიცით - ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, ნიუ-იორკში შეხვედრისას, სადაც განიხილავდნენ ავსტრალიის მიერ 40 მილიარდი დოლარის წყალქვეშა ნავის შეკვეთის გაუქმებას პარიზთან, აშშ-სა და ბრიტანეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მხრიდან ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა. მისი თქმით, მას გაუჭირდა ავსტრალიის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ნაბიჯის გაგება.

"ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის თქმით, ამერიკა დაბრუნდა - ეს იყო ისტორიული გზავნილი ახალი ადმინისტრაციის მიერ და ახლა ჩვენ გვაქვს კითხვები. რას ნიშნავს ეს - ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა დაბრუნდა ამერიკაში თუ სხვაგან? ჩვენ არ ვიცით...

თუ ჩინეთი იყო ვაშინგტონის მთავარი სამიზნე, მაშინ შეერთებული შტატებისათვის "ძალიან უცნაური" იყო ავსტრალიასა და ბრიტანეთთან გაერთიანება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ნიუ იორკში.

შარლ მიშელმა სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას და უწოდა "გადაწყვეტილება, რომელმაც დაასუსტა ტრანსატლანტიკური ალიანსი.

"ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა. ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია. ეს არ იყო ის არჩევანი, რომელის ჩვენმა მოკავშირემ გააკეთა", - განაცხადა შარლ მიშელმა.

შეხვედრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია, ნაკლები დანაწევრება" იყო საჭირო სტაბილური და მშვიდობიანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მისაღწევად, სადაც ჩინეთი არის მთავარი მზარდი ძალა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს განცხადება (აშშ-ავსტრალია-ბრიტანეთის შეთანხმება) მოულოდნელი იყო", - განაცხადა ბორელმა.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია.

„ღია კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიმართ მიუღებელი დამოკიდებულება ვიხილეთ. გვსურს ვიცოდეთ, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ, ვიდრე ურთიერთობებს ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც Reuters-ი წერს, შეერთებული შტატები ცდილობს შეამსუბუქოს აღშფოთება საფრანგეთსა და NATO-ს მოკავშირეებში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში ტელეფონით ისაუბრებენ.