კახა კუჭავა ჩანაწერებზე: არჩევნების შემდეგ ამ საკითზე საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გაუცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო.

"ფაქტი ერთია, ეს ის საკითხია, რომელზეც საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ეს საკითხი ასე უბრალოდ დაიხუროს.

ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, მეტი სანდოობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომა არჩევნების შემდეგ ჩატარდება.

"თუმცა, მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები მოახლოებულია. ზოგადად, არჩევნებამდე სესიები არ ტარდება, მითუმეტეს როდესაც ამდენად მაღალი პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდათ ამ არჩევნებისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციას.

ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება როგორც კი არჩევნები დასრულდება. რადგან სხდომის მოწვევა, როგორც მოგეხსენებათ, შეუძლია დეპუტატების ერთ მეოთხედსაც. თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ყველა ძირითადად ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში, დეპუტატები რეგიონებში არია, ამიტომ ქვორუმის შეკრების საკითხიც შემდეგ ცალკე სალაპარაკო რომ არ გახდეს, ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც არჩევნები დასრულდება. ეს საკითხი აუცილებლად იქნება პარლამენტის დღის წესრიგში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, უკანონო მოსმენა ყოვლად მიუღებელია.

"უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა. თვითონ სიტყვა ამბობს. თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი უკვე დარღვევა არის და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ...

არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება. ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს, თუ უკანონოა", - განაცხადა კახა კუჭავამ.