„სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქალაქში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების პოლიტიკიურით, სიძულვილის ენის შემცველი გამოსახულებით ჩანაცვლების თემას შეეხებოდა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სიძულვილის ენის გამოყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული.
„მეც ვთვლი, რომ არ არის ეს სწორი. ვაქცინაცია ის საკითხია, რომელზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებული, გაერთიანებული და შეიძლება, სხვა ადგილი გამოიყენონ თუ ამის სურვილია. ზოგადად ვთვლი, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე იქნება ამ ქვეყნისთვის უკეთესი. ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება, მით უმეტეს საჯაროდ ბანერებით, არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.