Moody’s-ი: „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს დონორებთან ურთიერთობაზე

დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი სტაბილურზე შეუნარჩუნა.

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი.

რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მათ შორის ხაზგასმულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმების ანულირება, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს და მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე.

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური გარემო საფრთხეს უქმნის საკრედიტო პერსპექტივას. ბოლო დროს, დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იყო მიღწეული და მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმენილი უთანხმოებების გადაჭრას, იყო ანულირებული „ქართული ოცნების“ მიერ. ამან გაზარდა უარყოფითი გავლენა იმ მჭიდრო და ახლო ურთიერთობებზე, რომლებიც წარსულში საქართველოს ჰქონდა მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან”, - ნათქვამია Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

ამავე დროს, რჩება ფართო კონსენსუსი ფისკალური კონსოლიდაციისა და შემდგომი რეფორმების აუცილებლობის შესახებ.

Moody's ელოდება მთავარ რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სახელმწიფო საწარმოთა სექტორი და გადახდისუუნარობის ჩარჩოს შემუშავება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სირთულეები კვლავ მოუგვარებელია.