"გენერალურმა პროკურორმა იქნებ ისეთი კომპეტენტური პროკურერები გამოაგზავნოს, რომ საქმის დაწყებიდან ორი წლის თავზე არ დაგვჭირდეს ახსნა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ.,- ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან.
დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, დამატებით ჩანიშნული სასამართლო პროცესების გადადების მოთხვონით, ვინაიდან მათი თქმით, ჯაფარიძე-ხაზარაძე წინსაარჩევნო კამპანიას სრულფასოვნად ვერ მართავენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დარბაზში პროკურორსა და ბადრი ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე საქმის პროკურორის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს.
"პროკურორები, რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში არის პლინტუსის დონეზე. ორი წელია, ამ აბსურდის თეატრში ვიღებთ მონაწილეობას. ახლა უკვე დაიწყო ისეთი კითხვების დასმა, რაც ფინანსურ საკითხებს ეხება. გენერალურ პროკურორს მივმართე, რადგან ამ არაკომპეტენტურობის მოსმენა შეუძლებელია. პროკურორებს, რომელთაც ეს საქმე მიჰყავთ, მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში "პლინტუსის" დონეზეა. გენერალურმა პროკურორმა იქნებ გამოაგზავნოს სხვა უფრო მეტად კომპეტენტური პროკურორები, რომ ორი წლის თავზე არ ავუხსნათ ელემენტარული საკითხები, როგორიცაა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ. ეს უნდა დამთავრდეს. ორო წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ამ სამმა პროკურორმა არაფერი იცის ფინანსურ თემებთან დაკავშირებით, აქ იმისთვის არ ვართ, რომ ისინი აღვზარდოთ და რაღაც ვასწავლოთ",- განაცხადა ხაზარაძემ.