ნიკა მელიას ადვოკატი სასამართლოში, პრემიერ-მინისტრის მოწმის სტატუსით დაბარებას მოითხოვს

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა მოწმის სტატუსით სასამართლოში პრემიერი-მინისტრის დაბარება მოითხოვა, თუმცა მისი შუამგდომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღეს, პროცესზე ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ.

მედიასთან საუბრისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს შიანაგან საქმეთა სამინისტროს გადაწვეყილებები გააკრიტიკა. ნიკა მელიას ადვოკატი ღარიბაშვილის დაკითხვას, სწორედ ამ თემაზე მოითხოვდა.

"ვითხოვდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოეწვიათ მოწმედ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები გააჟღერა როგორც მოგეხსენებათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივად სასამართლოსგან არც გვქონდა სხვა მოლოდინი. როდესაც სასამართლო განმარტავს, რომ არარელევანტურია ის გარემოებები, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ეს არის პრემიერ-მინისტრის მხოლოდ და მხოლოდ შეფასება, აქ ყველაფერი ნათქვამია უკვე,“ - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

ადვოკატის განცხადებას გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილი პასუხობს.

"დაცვის მხარის შუამდგომლობა სამართლებრივად არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს. დაცვის მხარე ითხოვდა პირის დაკითხვას, მის მიერ გაჟღერებულ შეფასებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლო სხდომაზე ვერ მოხდება ადამიანის პროცესზე დაკითხვა იმის გამო, რომ ესა თუ ის მოვლენა უბრალოდ შეაფასა,“ - აცხადებს ამირან გულუაშვილი.

მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს დაინიშნა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.