ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელის ბერნდ ლანგეს განცხადებით, "საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების ხელშეკრულების გაუქმებამ შესაძლოა, ევროკავშირ-ავსტრალიის სავაჭრო შეთანხმებაზე იმოქმედოს.
როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, ავსტრალიის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების საკითხი გაართულა, რადგან მხარეებს შორის ნდობის ნაკლებობაა.
"ახლა მთავარი საკითხია, რამდენად სერიოზული და რამდენად სანდოა ავსტრალია. ზოგიერთმა წევრმა შეიძლება მოითხოვოს მეტი უსაფრთხოება და მეტი გარანტიები ასეთ შეთანხმებაში, ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს და მოლაპარაკებას მეტი დრო დასჭირდება“,- განაცხადა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან.
შეგახსენებთ, თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, ნიუ-იორკში შეხვედრისას, სადაც განიხილავდნენ ავსტრალიის მიერ 40 მილიარდი დოლარის წყალქვეშა ნავის შეკვეთის გაუქმებას პარიზთან, აშშ-სა და ბრიტანეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.