ლონდონში, რუსეთის ფედერაციის საელჩო, ე.წ "ნოვიჩოკის" საქმეზე, რუსეთის დაზვერვის აგენტის დადანაშაულების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ბრალდებას სასაცილოს უწოდებს.
"განცხადება, რომ რუსეთის მოქალაქე დენის სერგეევი კავშირშია გრუ-ს ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, არ არის ფაქტებით გამაგრებული. საელჩოში აღნიშნეს, რომ „რუსეთის მხარე კვლავაც გახსნილია პროფესიონალური თანამშრომლობისთვის პროფილური უწყებების ხაზით, თუკი დიდი ბრიტანეთი უარს იტყვის დამნაშავეთა პოლიტიკურად მოტივირებულ ‘დანიშვნებზე", - ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს განცხადებაში.
BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს გუნდის კიდევ ერთ წევრს წარუდგინეს.
ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს.
მედიის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი დენის სერგეევი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის საქმის სავარაუდო ხელმძღვანელია და ის სერგეი ფედოტოვის სახელს იყენებდა.
სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით „ბიბისი“ წერს, რომ დენის სერგეევი ადგილზე მოქმედებდა, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი. დენის სერგეევი და დანარჩენი ორი ეჭვმიტანილიც სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობა ინტერპოლისგან რუსეთის მოქალაქის დაკავებას მოითხოვს.
რუსეთის მოქალაქების წინააღდგე წაყენებული ბრალდებებია: მკვლელობის შეთქმულება, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება და ქიმიური იარაღის გამოყენება, ტარება.
2018 წელს სოლსბერიში ნერვული აგენტი, „ნოვიჩოკი“ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, კიდევ ერთი ქალი, დაუნ სტერჯესი კი მოწამვლის შედეგად რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ასევე, ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული.
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე.