"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის" პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები დატოვა.
მისი თქმით, პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს.
„აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.
მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც არის დღეს აქ წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელია. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს", - განაცხადა ნიკა მელიამ და მან ეთერში აჩვენა დმანისში დაჭრილი ადამიანის ფოტო. მისი თქმით, ამ არჩევნებში კახა კალაძე უნდა დამარცხდეს.
ნიკა მელიამ დაამატა: „ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ ძირგამომპალ ადამიანთან რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას".
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებიდან გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას პროტესტის ნიშნად წასვლა შეაფასა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ.
„გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია“, - განაცხადა კახა კალაძემ.