საქართველოს მთავრობის ვალი 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 27 704 100 000 ლარს შეადგენს, - გარდა ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა - 27 688.3 მლნ ლარი და საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ნაშთს -15.8 მლნ ლარი.
ამასთან, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი, 21 781.1 მლნ ლარი, მთლიანი მთავრობის ვალის 79%-ია.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანდართულ მასალებში ნათქვამია, რომ აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან, პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
მთავრობის ინფორმაციით, საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 21.0 წელს, საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 8.7 წელს, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1.42%-ს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების ათვისებას 1 450 915.0 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსის სახით 2 171 000.0 ათასი ლარის მობილიზებას:
ა) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (IV) ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 172 000.0 ათასი ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი-PBL IV) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 229 000.0 ათასი ლარის ოდენობით;
გ) სექტორული განვითარების პროგრამა, თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაო ადგილებისთვის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 162 000.0 ათასი ლარის ოდენობით;
დ) წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 271 000.00 ათასი ლარის ოდენობით;
ე) მაკროფინანსური დახმარების (MFA) IV პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 286 000.0 ათასი ლარის ოდენობით;
ვ) ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 663 000.00 ათასი ლარის ოდენობით;
ზ) COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57 000.0 ათასი ლარის ოდენობით;
თ) სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 331 000.00 ათასი ლარის ოდენობით.