ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყველა კონტინენტზე Covid-19-ით ინფიცირების კლების ტენდენცია შეინიშნება.
სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3,67 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ცხრა პროცენტით ნაკლებია. წინა კვირასთან შედარებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7%-ით შემცირდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც და 60 ათასი შეადგინა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, რუსეთში, ბრაზილიასა და მექსიკაში დაფიქსირდა.
ჯანმოს მონაცემებით, მანამდე ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, რომელმაც პიკს ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მიაღწია.
კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტმა, რომელიც 185 ქვეყანაშია გავრცელებული, მეტწილად ჩაანაცვლა დანარჩენი სამი ვარიანტი („ალფა“, „ბეტა“ და „გამა“), რომლებზეც სეკვენირებული შემთხვევების 1%-ზე ნაკლები მოდის.
„ამჟამად „დელტა“ ვარიანტი“ დომინანტური ვირუსია, ხოლო სეკვენირებული შემთხვევების 1%-ზე ნაკლები „ალფა“, „ბეტა“ და „გამა“ ვარიანტებზე მოდის“, - აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.
მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტი გაძლიერდა, უფრო გადამდებია და ვირუსის სხვა ვარიანტებს ანაცვლებს.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.