საქართველოს პრემიერმა, მოლდოვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობა და ამ კუთხით პოლონეთის როლი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობასა და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით.

„აღინიშნა, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და მნიშვნელოვანია, მათი როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უახლოეს სამიტზე, მათ შორის უზრუნველყოფილი იყოს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური გეგმა, 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

შეხვედრას, საქართველოს დელეგაციიდან, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

დავით ზალკალიანის განცხადებით, პოლონელი პარტნიორები არიან სერიოზული მხარდამჭერები ევროკავშირის შიგნით იმისთვის, რომ სამი ასოცირებული ქვეყნის როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი უახლოესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში.

„ეს შესაძლებელია, იყოს განხილული, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა და რა მხარდამჭერი როლი შეიძლება შეასრულოს პოლონეთმა, როგორც ევროკავშირში ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და ყოვლისმომცველი და დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“ იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენ გვქონდა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო დისკუსია. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოს საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ჩვენი ამბიციური გეგმა, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იყოს მხარდაჭერილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.