„COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელი ევროკავშირის, გაეროს პარტნიორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტის დაწყებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
„COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ინოვაციური პროექტითა და გაეროს პარტნიორებთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს, მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელისა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს განცხადებით, ახალი პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას.
„პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას,“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ.
ცნობისთვის, ევროკავშირი, გაეროს პარტნიორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ.