გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1-ლი ნოემბრიდან, კარანტინში მყოფი არავაქცინირებული დასაქმებულები კომპენსაციას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, უსამართლოა, გადასახადების გადამხდელებს იმ ადამიანის დახმარება სთხოვო, მათ, ვინც უარს იტყვის ვაქცინაციაზე.
"რატომ უნდა გადაიხადონ სხვებმა იმაში, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა არ იყოს აცრილი. ეს არ არის ზეწოლა, ეს არის სამართლიანობა", - განაცხადა მინისტრმა.
გამონაკლისი შეეხება მათ, ვინც ჯანმრთელობის გამო ვერ იკეთებს ვაქცინაციას. თუმცა მათ შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარმოდგენა მოუწევთ. ასევე კონპენსაციას მიიღებენ ისინი, ვისაც ვაქცინაციაზე რეკომენდაცია ჯერ არ მიუღია.
ვაქცინაცია გერმანიაში სავალდებულო არ არის, მაგრამ ხელისუფლება იღებს ისეთ ზომებს, რომელიც სულ უფრო მეტ დისკომფორტს ქმნის არავაქცინირებულებისთვის. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ზე ტესტის ჩატარება, რაც აუცილებელია მაგალითად, დახურული ტიპის რესტორნებში შესასვლელად, 11 ოქტომბრიდან ფასიანი ხდება.