Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი Pfizer-ს გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცერცვაძის განმარტებით, მას არ ესმის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც ყველა პირობა აქვს შექმნილი ვაქცინაციისთვის და არ იცრებიან.
"ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: "მე გავიკეთებ მხოლოდ Pfizer-ს და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა". ახლა,Pfizer-ი გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი.
Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი Pfizer-ს გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს Sinovac-ი, Sinopharm-ი , AstraZeneca, მივიღებთ Jhonson&Jhonson-ს. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“, - განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, Pfizer-ის სხვადასხვა პარტიაა ქვეყანაში, ამ ეტაპზე ვადაგასული ნამდვილად არ არის არც ერთი, მაგრამ "თუ ასე იქნება გაუვა“.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინას ნოემბერში ვადა გასდის, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, რისკი იმისა, რომ Pfizer-ის ვაქცინები გაფუჭდეს, არ არსებობს.