„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს. შესაძლოა, დაწესდეს ახალი შეზღუდვებიც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების „ოდნავი“ მატებაა.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, უწყება მსჯელობს და ნაადრევი იქნება თქმა, რა შეზღუდვები გამკაცრდება ან დაემატება.
„ჯერ არ არსებობს ის სრული პაკეტი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, თუმცა დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საფუძველს გვაძლევს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შეჩერება და ოდნავი მატება, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდგომი სამი კვირისთვის შეიძლება ვივარაუდოთ ინფექციის აბსოლუტურ რიცხვში და დადებითობის მაჩვენებლის გაზრდა. იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია, განხილული იყოს სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ეფექტური იქნება და განაპირობებს ინფექციის კლებას და არა ზრდას“- თქვა ტიკარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჯანდაცვის გუნდს ექნება რეკომენდაციები შეზღუდვების უფრო გამკაცრებასთან ან ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მინისტრი პასუხობს - „დიახ, გამკაცრებასთან დაკავშირებით აუცილებლად, ახალ რეგულაციებზე ვმსჯელობთ“.