აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გარკვეული ჯგუფების „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 65 წელს გადაცილებულებისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ეს ნიშნავს, რომ ათეულობით მილიონ ამერიკელს უფლება აქვს მესამე დოზა გაიკეთოს. თუმცა, გამაძლიერებლებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დამტკიცება.

FDA-ის განმარტებით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის გასვლის შემდეგ უნდა აიცრან დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მიმართ ყველაზე დაუცველი ადამიანები და ასევე ისინი, ვინც, სამსახურის გამო, დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან.