აშშ-ში საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება

აშშ-ში საფრანგეთის ელჩი, ფილიპ ეტიენი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც Reuters-ი წერს, თეთრმა სახლმა აღიარა, რომ აშშ-მ შეცდომა დაუშვა პარიზის კონსულტაციის გარეშე, ავსტრალიამ ფრანგული წყალქვეშა ნავების ნაცვლად აშშ-ის ნავების ყიდვის გადაწყვეტილება რომ მიიღო.

ორი ლიდერი შეთანხმდა დაიწყონ ღრმა კონსულტაციები ნდობის აღსადგენად და შეხვდნენ ევროპაში ოქტომბრის ბოლოს.

"ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი ოქტომბრის ბოლოს ევროპაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა საერთო გაგებას მიაღწიონ და ამ პროცესში იმპულსი შეინარჩუნონ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, რომ საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში მომავალ კვირას დაბრუნდება. შემდეგ ის ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, საფრანგეთის ელჩი აშშ-ში ფილიპ ეტიენი და საფრანგეთის ელჩი ავსტრალიაში ჟან-პიერ ტებო კონსულტაციებისთვის პარიზში გაიწვიეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, მან ელჩები კონსულტაციებისთვის პარიზში პრეზიტენტის თხოვნით გაიწვია.

ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთის უკმაყოფილება გამოიწვია.

საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გაიწვია