Wizz Air-ი ფრენებს ნოემბრიდან სამი მიმართულებით განაახლებს, დეკემბრიდან კი ახალ ავიარეისს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებას 16 დეკემბრიდან ამატებს, ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით კი რეისებს ნოემბრიდან განაახლებს.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

„საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც პანდემიის დაწყებისას შეწყდა, ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება.

რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქს, ვენის მიმართულებით რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება.

ბერლინში მოხვედრა კი ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კვლავ დაემატება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავიაბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.