პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, თელავის ცენტალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ, გრიგოლ ვატიტაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მანამდე კი მოსამართლეს დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.

11 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილებაზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. მათ არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა.

შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.

გამოძიება, ვანო ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.