„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას 27.8%, ხოლო გიორგი გახარიას 5.3%.
„კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
კახა კალაძე-„ქართული ოცნება“-57.9%
ნიკანორ მელია -„ნაციონალური მოძრაობა“-27.8%
გიორგი გახარია-„საქართველოსთვის“-5.3%
ანა ბიბილაშვილი-„ლელო“-2.5%
გიორგი ლომია-„პატრიოტთა ალიანსი“-2.1%
ანა დოლიძე-„ხალხისთვის“-1.6%
თამარ კეკენაძე_“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“-0.6%
მიხეილ ქუმსიშვილი-„ლეიბორისტული პარტია“-0.5%
სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა 1.7%.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში კახა კალაძეს გამოკითხულთა 56,1%, ნიკა მელიას - 28,3%, გიორგი გახარიას კი 6% ჰქონდა.
ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი Edison Research-ის კვლევის შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება ზემოთ აღნიშული მაჩვენებლისგან და რომელმაც კანდიდატთა რეიტინგი მოწონების მიხედვით განსაზღვრა. გამოკითხულთა 55%-ს კახა კალაძე მოსწონს, გიორგი გახარია - 55%-ს, მელია - 46%-ს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტიუტის, IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 58%-ს ძალიან მოსწონს კახა კალაძე, გიორგი გახარია კი ძალიან მოსწონს 56%-ს.
GORBI-ის კვლევით, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 61,4% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 38.6% კი ნიკა მელიას.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ბოლო კვლევით, გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, 25% - ცუდად.
კვლევა ჩაატარა „ლელომაც“. 22 სექტემბერს, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანების მიერ დაკვეთილი წინასაარჩევნო კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25%-ზე დაბალია.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.