ISFED-მა წინასაარჩევნო პერიოდზე ანგარიში გამოაქვეყნა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 20 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების სავარაუდო ფაქტები.

ISFED-ის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო მონიტორინგი 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

შუალედური აგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2;

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 4,

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 20,

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 3,

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 5,

მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 1,

არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 12,

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების - 5 ფაქტი.

ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.

როგორც ანგარიშში წერია, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.

„საგანგაშო იყო „TV პირველის“ გადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო კომისიების, სასამართლოსა და სხვა რელევანტური უწყებების წინაშე 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა.