იენს სტოლტენბერგი: ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს და უდიდესი ფლოტი ჰყავს, რასაც NATO-მ უნდა უპასუხოს

NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთს სულ მალე ექნება მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა, ასევე მას უკვე აქვს სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი და მსოფლიოში უდიდესი ფლოტი, ეს ყველაფერი კი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, NATO ჩინეთს არ განიხილავს როგორც მოწინააღმდეგეს.

„ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს როგორც მოწინააღმდეგეს და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩინეთთან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან შეიარაღების კონტროლი.

ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩინეთს მალე ექნება მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა, მათ უკვე აქვთ მეორე უმსხვილესი თავდაცვის ბიუჯეტი და აქვთ ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტი მსოფლიოში - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ამიტომ, NATO-მ, როგორც ალიანსმა, რომელიც იცავს ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას, უნდა უპასუხოდ ამ ცვლილებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიოში ბალანსის ცვლილების კვალდაკვალ NATO-მ უნდა ითანამშრომლოს აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში პარტნიორებთან, კერძოდ, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ახალ ზელანდიასთან და ავსტრალიასთან.