20 ივნისის საქმეზე, სასამართლომ ლუკა პეტრიაშვილის სასარგებლოდ, სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაზარალებული ერთ-ერთი მშვიდობიანი დემონსტრანტის ლუკა პეტრიაშვილის საქმეზე, სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 35 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ლუკა პეტრიაშვილმა 20 ივნისის ღამეს დარბევისას ჯანრთელობის დაზიანების გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 100 ათას ლარს ითხოვდა. პეტრიაშვილის ადვოკატების თქმით, 20 ივნისის ღამეს მიყენებული ტრამვის შედეგად, მათი დაცვის ქვეშ მყოფს შრომისუნარიანობა შეეზღუდა. .

პეტრიაშვილის საქმეს, სასამართლოში იურისტი გვანცა კვარაცხელია და ბექა ბასილაია იცავდნენ.

როგორც მედიასთან საუბრისას ადვოკატმა გვანცა კვარაცხელიამ განაცხადა, ეს პირველი პრეცედენტია 20 ივნისის საქმეზე, როცა სასამართლომ აღიარა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

"ლუკა პეტრიაშვილის სასარგებლოდ სასამართლომ სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა და დაადგინა, რომ დარღვევა იყო მის მიმართ, სახელმწიფომ გადაამეტა თავის ძალას, არაპროპორციული ღონისძიება გამოიყენა და მშვიდობიან მოქალაქეს ლუკა პეტრიაშვილს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ეს არის პირველი პრეცედენტი 20 ივნისის საქმეზე, როდესაც დაზარალებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ანუ აღიარა, რომ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ გადაამეტა ძალას. სხვა დაზარალებულების საქმეებზეც გვაქვს შეტანილი და იმედი გვაქვს, იმ საქმეებზეც ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო". - ამბობს გვანცა კვარაცხელია.

ბექა ბასიალიას თქმით, მათთვის თანხა არ იყო გადამწყვეტი, გადამწყვეტი იყო იმის დადგენა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან იყო არამართლზომიერი ქმედება.

2019 წელს, პარლამენტის წინ, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს 300-მდე ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი და 73 პოლიციელი დაშავდა; ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა; რამდენიმემ მხედველობა. სახელმწიფომ აღიარა, რომ ძალის გადამეტება იყო დაზარალებული ადამიანების მიმართ.