"დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა", - აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მმართველი პარტიის ლიდერი აღნიშნავს, მისთვის ძალიან რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა.
„რთულია პროვოკაციის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო.
მინდა ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში.
დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა.
სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე.
2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას", - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ნიკა მელია მიუახლოვდა, რომელიც ასევე დიპლომატებთან შეხვედრაზე მივიდა. მან „ქართული ოცნების“ ლიდერს პასუხი მოსთხოვა დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე.
პოლიტიკოსებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ადგილიდან მისმა დაცვამ გაიყვანა.