სამი კოვიდინფიცირებული ორსული კომაში იმყოფება

ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებული სამი ორსულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სამივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 17 ორსული მკურნალობს. არცერთი მათგანი აცრილი არ არის.

"ამ დროისთვის სამი ორსული გოგონა გვყავს მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. სამივეს მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, ინდუცირებულ კომაში არიან. მდგომარეობა კრიტიკულია. მკურნალობა გრძელდება,“ - აცხადებს ალექსი ვაჩაძე.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა. 23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 700 895-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%. სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%