პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკიდან გაცხადებას აქვეყნებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან.
საქართველოს პრემიერი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე იმყოფება.
"ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.
მთავრობის მეთაური პოლიტიკურ პარტიებს, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.
ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს,თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ნიკა მელია მიუახლოვდა, რომელიც ასევე დიპლომატებთან შეხვედრაზე მივიდა. მან „ქართული ოცნების“ ლიდერს პასუხი მოსთხოვა დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ადგილიდან მისმა დაცვამ გაიყვანა.