საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქული მხარე საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოხატავს.
ამის შესახებ ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს თოლგა თოლუნაის შეხვდა.
"შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალი ფასში მოწოდებას", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შორის კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღება. როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, მოხდება სამედიცინო ტრეინინგების ჩატარება, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას კიდევ უფრო გაზრდის.
სამუშაო ვიზიტის მიზანი, სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ მემორანდუმის დადებისას აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდენება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“.