აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ახალი შესწორებით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა და გაყიდვა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე.

არსებული სანქციები რუსეთის ახალი სუვერენული ვალის შესყიდვას კრძალავს, თუმცა ეს არ ეხება მეორად ვაჭრობას.

რაც შეეხება ახალ შესწორებას, ის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტს დაემატება და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოსკოვის მიმართ გამოყენებული ზომების ნაწილია.

ეს კანონი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ფართო მხარდაჭერით დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, რის შემდეგაც ის სენატმა უნდა განიხილოს.

კანონპროექტის ავტორების თქმით, სუვერენულ ვალზე სანქციამ შესაძლოა, რუსეთის მთავრობას სესხის ფასი 0.5 პროცენტიდან 0.8 პროცენტამდე გაუზარდოს.

რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ.