ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები და აქტუალური საერთაშორისო საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებზე უთანხმოება რჩება.
„ბორელმა ლავროვთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებში. მისი ამოცანა იყო უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების ჩამოყალიბება. უთანხმოება რჩება, კერძოდ რუსეთის მეირ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გამო, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე და ასევე კიბერ, დეზინფორმაციისა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებზე“, – ნათქვამი პრესრელიზში.
ევროკავშირის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ავღანეთის, ლიბიის, მალის, ახლო აღმოსავლეთისა და ირანთან გაფორმებული „ბირთვული შეთანხმების“ საკითხები.