თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან კარგად არ დაწყებულა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
ერდოღანის თქმით, ის კარგად მუშაობდა აშშ -ის წინა პრეზიდენტებთან, ჯორჯ ბუშთან, ბარაკ ობამასთან და დონალდ ტრამპთან.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და აშშ, როგორც NATO-ს ორი წევრი ერთმანეთს მეგობრულად და არა მტრულად მოეკიდებიან.
„ჩვენ ვიყიდეთ F-35-ი, გადავიხადეთ 1.4 მილიარდი დოლარი და ეს ავიაგამანადგურებლები ჩვენ არ მოგვცეს. აშშ-მა თავდაპირველად ეს უნდა მოაგვაროს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
„შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა გაიგოს. ჩვენ, თურქეთი, პატიოსნად ვმოქმედებთ, მაგრამ სამწუხაროდ, შეერთებული შტატები ასე არ იქცეოდა და არ იქცევა“, - განაცხადა ერდოღანმა.