აშშ-ში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას შეეხო.
"ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის გარკვეული ვარიანტი, რომელსაც ვუწოდებთ ექვსთა პლატფორმას. შესაძლოა, ხუთიც იყოს. ამჟამად, ვიღებთ დადებით შეტყობინებებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას “, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განიხილება.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით პოზიტიური განვითარება დავინახოთ. ეს შედის იმ საკითხების დღის წესრიგში, რომელსაც სექტემბრის ბოლოს განვიხილავ ბატონ ვლადიმერ პუტინთან. ამრიგად, ეს იქნება ძლიერი ბიძგი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის “, - განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.