პრემიერი გაეროში გამოსვლისას: ყველას მოგმართავთ თხოვნით, დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების ოკუპაცია

დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.

„როგორც განვმარტე, საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.

ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ.

ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო თანამეგობრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირების მიმართულებით, ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

„წელს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია იქნა მიჩნეული საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპანტად და რეალური კონტროლის მქონედ. სწორედ მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

დღეს აქედან მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას - ერთობლივად ვიმოქმედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირებით; ერთობლივი ძალისხმევით შეეწყოს ხელი ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ. ეს გულისხმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას – განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია.

ყველა ეს ქმედება უმძიმეს ტვირთად აწევს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ყოველივე ამის მიზეზი კარგად უნდა გვესმოდეს: წინასწარ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამოსადევნად. ამას ბოლო უნდა მოეღოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.