„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს.
კოალიცია, რომელიც 49 ორგანიზაციას აერთიანებს, გამოხატავს მზადყოფნას, საინფორმაციო რესურსების გაზიარების გარდა, ინდივიდუალურად შეხვდეს პოლიტიკურ პარტიებს:
„ამ პროექტის ფარგლებში ბავშვთა კოალიცია აპირებს და უკვე დაწყებულია კონკრეტული აქტივობები, რაც პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ მათ მივაწოდეთ ბავშვთა უფლებების თემაზე ძირითადი გამოწვევების ამსახველი დოკუმენტები და ვაპირებთ, რომ უშუალოდ შევხვდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ამის სურვილი ექნება, უპასუხებს ჩვენს გამოწვევას და მოვითხოვოთ ბავშვთა უფლებების წამყვანი პრობლემების ასახვა მათ პროგრამებში“, - განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტმა ანა აბაშიძემ.
როგორც „კოალიციაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ აღნიშნავენ, საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისადმი კი 10 მწვავე საკითხს მოიცავს.
„ჩვენ შევქმენით საკმაოდ მსუყე ანგარიში, რომელიც მოიცავს 10 ძირითად მწვავე საკითხს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით. მათ შორის არის ოჯახების გაძლიერებასთან დაკავშირებით მიმართული საკითხები, ეს არის სოციალური მუშაკების როგორც შრომითი პირობების საკითხი, ასევე უშუალოდ სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული სერვისების ეფექტურობისა და ხარისხის საკითხი“, - აღნიშნა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ცირა ბარქაიამ. საკითხების ჩამონათვალშია ასევე ზოგადი და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში არსებული სირთულეები, ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა მიმართ ძალადობა, მართლმსაჯულების სისტემაში, ძირითადად პოლიციის განყოფილებებში ბავშვების პირველი კონტაქტისას არსებული ხარვეზები და სხვა.
„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ 2012 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობა ბავშვის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებაა.