ისრაელში არავაქცინირებულ მასწავლებლებს ხელფასსაც აღარ გადაუხდიან

ისრაელის სკოლებში მასწავლებლებს ე.წ. "მწვანე პასპორტის" გარეშე 2 სექტემბრიდან არ უშვებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბრიდან, არავაქცინირებულ მასწავლებლებს ხელფასსაც აღარ გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას TimesofIsrael-ი ავრცელებს.

განათლების სამინისტროს განცხადებით, 3 ოქტომბრიდან მასწავლებლებს დასჭირდებათ წარადგინონ "მწვანე ბარათი", რომელიც აჩვენებს ვაქცინის გაკეთებას, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას, ან უარყოფითი ტესტის შედეგს.

როგორც ცნობილია, პედაგოგებს, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ ექნებათ, არც დისტანციურად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ.

ცნობისთვის, სასწავლო წლის დაწყებიდან, 2 სექტემბერიდან, მასწავლებლებს სკოლებში შესასვლელად მოეთხოვებოდათ ჰქონოდათ "მწვანე პასპორტი". მათ, ვისაც საბუთი არ ჰქონდათ, მაინც უხდიდნენ ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ მუშაობდნენ.

მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი რან ერეზი მომხრეა არავაქცინირებული პედაგოგები არ შეუშვან სკოლაში, თუმცა მათთვის ხელფასის შეწყვეტას არ ეთანხმება. მანვე სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმად, სკოლაში არ უნდა დაუშვან არც მწავნე პასტორტის არ მქონე 12 წლის ზემოთ მოსწავლეები. ამ საკითხს სასამართლო 20 ოქტომბერს განიხილავს.