პირველი ოქტომბრიდან, სომხეთში, ყველა დასაქმებულისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, ან არავაქცინირებულმა დასაქმებულებმა უნდა ჩაიტარონ კორონავირუსის ტესტი ყოველ 14 დღეში და წარუდგინონ უარყოფითი პასუხი დამსაქმებლებს. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
"გამონაკლისი არის ორსული ქალები და მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინაზე აქვთ უკუჩვენებები. თუ მარტში მოსახლეობის მხოლოდ 10% იყო მზად ვაქცინაციისთვის, დღეს უკვე 40% -ია. ეს კარგი მაჩვენებელია. აუცილებელია დაჩქარებული ტემპით გადავიდეთ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაზე ვაქცინაციის სტიმულირებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით ეს ეხება ყველა სახის ბიზნესს.
"პირველი ოქტომბრიდან დამსაქმებელმა თანამშრომელს თვეში 2-ჯერ ტესტირება უნდა მოსთხოვოს, ეს ყველა სახის ბიზნესს ეხება. საწყისად 1-ლი ოქტომბერი ავიღეთ, მეტ დროს ვეღარ დავკარგავთ". - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.