ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კიბერსაქმიანობა მიუღებელია, რადგან მიმართულია ევროკავშირის ერთიანობისა და უსაფრთხოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე ევროკავშირის დემოკრატიის ფუნქციონირების საფუძვლების წინააღმდეგ.
„ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ მავნე კიბერაქტივობები დააფიქსირა, რომელიც ერთობლივად მოხსენიებულია როგორც Ghostwriter-ი და რუსეთის სახელმწიფოს უკავშირდება. ასეთი საქმიანობა დაუშვებელია, რადგან მიზნად ისახავს, საფრთხე შეუქმნას ჩვენს მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს და ჩვენი დემოკრატიების ფუნქციონირების საფუძვლებს“, - ნათქვამია განცხადებში.
ამასთან, ბორელის განცხადებაში ნათქვამია, რომ მავნე კიბერსაქმიანობის სამიზნეს წარმოადგენენ ევროკავშირში პარლამენტის წევრები, სამთავრობო მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ევროკავშირი და მათი წევრები მკაცრად გმობენ მავნე კიბერსაქმიანობას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაიცვას კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები.
„ეს საქმიანობა ეწინააღმდეგება კიბერსივრცეში პასუხისმგებელი სახელმწიფოს ქცევის ნორმებს და ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულირების შესაძლებლობის ჩათვლით. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მკაცრად გმობენ ამ მავნე კიბერსაქმიანობას. რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებელი სახელმწიფო ქცევის ნორმები დაიცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი აღნიშნულ საკითხზე მომავალ შეხვედრებზე იმსჯელებს და მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.