დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია.
საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, იმისთვის რომ ეპიდვითარების ეს მაჩვენებელი შენარჩუნდეს და კლებისკენ წავიდეს, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება.
"პედაგოგებისთვის, მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა. თანდათან, ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ, დამშვიდებისკენ მიდის. ბევრ რაიონსა და რეგიონში უკვე სიტუაცია ისეთია, რომ სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყება შეიძლება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.