ხობში ქარბორბალამ 12 სახლი დააზიანა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა 12 სახლი დააზიანა. ქარბორბალამ სოფელ შავღელეში სახლებს სახურავები გადახადა.

ადგილობრივებს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილი. ხობში ამ დრომდე ძლიერად წვიმს.

გუშინ, ქარბორბალამ ფოთი დააზიანა. ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ამჟამად ქუთაისის კლინიკაში მკურნალობს.

ხობსა და ფოთში ქარის შედეგად დაზიანებული სახლები დროებით გადაიხურა. დაზიანებული სახლების სრულ გადახურვას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს. მიმდინარეობს ეზოებისა და საავტომობილო გზების გაწმენდა.

წუხელ გვიან ღამით მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ხობის სოფელ შავღელეში და ფოთში 40-ზე მეტ სახლს ახადა სახურავი. მოსახლეობის განცხადებით, ქარს თან ახლდა ძლიერი წვიმაც, რის გამოც დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე სახნავ-სათესი სავარგულები და გაუფუჭდათ მოსავლი.

სოფელ შავღელეს ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები, მათი განცხადებით, დღის ბოლომდე სრულად აღუდგება მოსახლეობას ელექტრომომარაგება.

ზარალის ოდენობა უცნობია. არსებულ მდგომარეობას სპეციალური კომისია სწავლობს.